slider in html

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი

საერთაშორისო კონფერენცია გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები

07 - 08 ნოემბერი, 2019


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი

საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება


1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე  22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი დაარსდა 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის კათედრების ბაზაზე. საქართველოში გეოგრაფიული დაწესებულებების შექმნის ცდებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ამ საქმის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და ქართული გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი. სწორედ გეოგრაფიის ინსტიტუტი და თსუ იქნება იმ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები, რომელიც პროფესორ დავით უკლება დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

დავით უკლება დაიბადა 1919 წლის 27 დეკემბერს სოფელ სიმონეთში (თერჯოლის რაიონი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დაემთხვა, და დავით უკლება რიგითი კურსანტი, შემდეგ კი ბატალიონის კომისარი ჩრდილო კავაკსიის ფრონტზე იბრძოდა, დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

1950 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიას, შემდგომ კი ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებას. მან შექმნა მყარი საფუძველი საქართველოში ლანდშაფტმცოდნეობის დარგის განვითარებისათვის. 

მრავალმხრივი იყო მეცნიერის კვლევის ინტერესები, მაგრამ ძირითადად მთიანი მხარეების ბუნებრივი პირობებისა და რესურსების კვლევას მიუძღვნა მან 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, რომელთა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. დ. უკლებას მიერ გამოქვეყნებული ცნობილი სამეცნიერო შრომები მიეძღვნა საქართველოსა და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და შესწავლის საქმეს, კერძოდ ფუნდამენტური ნაშრომი _ ‘’აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის” და `აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების  ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები” (1968 და 1974). მსხვილმაშტაბიანი ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის, დ. უკლებას მიერ საქართველოსთვის პირველად იქნა განხორციელებული და შედგენილ იქნა აღმოსავლეთ საქართველოს ტიპოლოგიური რუკა. რომელიც ზუსტად ასახავს ტერიტორიის ლანდშაფტური დიფერენციაციის სრულ სურათს. შემდგომ ეს შრომა წარმატებით იქნა დაცული როგორც სადოქტორო დისერტაცია.

დ. უკლებას მიერ დადგინდა სხვადასხვა რანგის ანთროპოგენური ლანდშაფტები, რომელთა კლასიფიკაცია და ზოგადი სამეურნეო შეფასება მთიანი ქვეყნებისათვის პირველად შესრულდა საქართველოს მაგალითზე, აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა მონოგრაფია ‘’საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები”, რომელიც გამოიცა 1983 წელს რუსულ ენაზე. ნაშრომში ღრმა მეცნიერული ანალიზია მოცემული ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების შედეგებზე, დადგენილია ანთროპოგენური ლანდშაფტების მოდიფიკაციის სრული სურათი. გამოთქმულია მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებანი ლანდშაფტების აღდგენის, დაცვისა და რაციონალური გამოყენების შესახებ.

დავით უკლებას მეთოდიკით, მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა საქართველოს ლანდშაფტური რუკა (დოც. მ სანებლიძისა და პროფ. ქრ. ჯაყელის თანაავტორობით) ქართულ და რუსულ ენებზე.

დ. უკლებას ხელმძღვანელობით და მისი უშუალო მონაწილეობით, მის მიერ დამუშავებული ლანდშაფტური კვლევის მეთოდების საფუძველზე, საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომაშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1983 წელს.  

დავით უკლება მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა- უცხო ენებიდან გადმოთარგმნილი აქვს არაერთი გეოგრაფიული სახელმძღვანელო.

პირველად დავით უკლებას მიერ ქართულ-რუსულ და რუსულ-ქართულ ენაზე შეიქმნა გეოგრაფიული ტერმინოლოგია. 

დავით უკლებას ინიციატივითა და მისი ხელმძღვანელობით (დავით უკლებას გარდაცვალების შემდეგ ამ საპატიო საქმის გაგრძელება პროფესორ კობა ხარაძეს ერგო) შეიქმნა, ‘’ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი”, რომელის შედგენაში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი, მაღალკვალიფიციური თნამშრომლები მონაწილეობდნენ.

დავით უკლება შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში ‘’მსოფლიოს 5 ათასი ცნობილი პიროვნება”.

სახელოვანი მეცნიერის ღვაწლი არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი (1987, 1993).


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები